"მოვითხოვ, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა დააკავოს რუსი ოლიგარქი და დასრულდეს მისი სრულად სანქცირების პროცესი", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს დაუძინებელი მტერია, რომლის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნების გადაწყვეტილება კრემლში მიიღეს, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მისი ხელით სურს საქართველოს ანექსია.
ძვირფასო მეგობრებო, ახდა ის, რაზედაც საზოგადოებას "ლეიბორისტული პარტია" კაი ხანია აფრთხილებდა. წინასაახალწლოდ საქართველოს დაუძინებელი მტერი, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში, საიდანაც ის არასდროს არ გასულა. გადაწყვეტილება აღნიშნულზე მიღებულია მოსკოვში, კრემლში, პირადად აგრესორ ვლადიმერ პუტინის მიერ, რომლის მიზანია ივანიშვილის ხელით დააგვირგვინოს საქართველოს პოლიტიკური ანექსია და სამუდამოდ შემოიმტკიცოს მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონი.
აი ახლა უკვე მთელი სერიოზულობით და პრინციპულობით, თუმცა არც ადრე გვაკლდა ეს, მივმართავ ჩვენს მოკავშირე ატლანტიკურ და დემოკრატიულ სივრცეს, სასწრაფოდ დაამთავრეთ ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირება და მთლიანად მოახდინეთ მისი ქონების, უძრავ-მოძრავი საშუალებების ბლოკირება ყველა მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციაში. მივმართავ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს დედამიწაზე, აზიიდან ამერიკამდე, უნივერსალური იურისდიქციის თანახმად, გაეცით დაპატიმრების სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილზე, რომელიც არის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში, საქართველოში დიქტატორობის დამამყარებელი და 90-იან წლებში ამ ბრძოლაში სამოქალაქო ომისას იარაღის შეტანის გზით მილიონი ადამიანის გამანადგურებელი. ამავე თემაზე მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, აღძრას საქმე და გასცეს დაპატიმრების სანქცია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე", - აღნიშნა ნათელაშვილმა.