უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ცხუმ -აფხაზეთისა და ბიჭვითისა, ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას, მრევლს შობა-ახალი წელი მიულოცა. პატრიარქმა ადამიანის აზროვნებაზე, გონების ვარჯიშსა და ახალი იდეების წარმოშობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პატრიარქის განცხადებით, ადამიანის გონებას მუდმივად სჭირდება ვარჯიში. გონების ვარჯიშისთვის კი აუცილებელია ფიქრი და წიგნების კითხვა.
"ადამიანების გონებას სჭირდება ვარჯიში. გონება უნდა ავარჯიშოს თითოეულმა ჩვენგანმა ფიქრით, წიგნების კითხვითა და ბრძნული აზრების დამახსოვრებით," - ბრძანა პატრიარქმა.
"ბიბლიაში ვკითხულობთ: "გულიდან გამოდის კეთილიცა და ბოროტი აზროვნებაც". გამომდინარე აქედან, ადამიანს გააჩნია ორი აზროვნება: მცირე ანუ ტვინისმიერი და დიდი ანუ გულისმიერი..... ჩვენი აზროვნება ფიზიკურ სხეულზე არაა დამოკიდებული. მეცნიერების თქმით, ჩვენი აზროვნება სულზეა დამოკიდებული," - აღნიშნა ილია მეორემ.