„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიული წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.
„რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, რეალურად, თუ საუბარია ე.წ. ბორდერიზაციაზე, ბორდერიზაცია არის მცირე გადახვევებით, მაგრამ არსებითად მიყვება იმ ე.წ საზღვრებს, რომელიც ნორმატიული აქტის დონეზე აღადგინა წინა ხელისუფლებამ. მათ აღადგინეს საზღვრები, რომელიც გაუქმებული იყო გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში, მაშინ გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ეს ე.წ საზღვრები, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია, არ ვაღიარებთ, აღადგინა წინა ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით. არის წინა ხელისუფლების ე.წ. საზღვრები, რომელსაც მიჰყვებიან რუსი სამხედროები ე.წ. ბორდერიზაციის დროს. ჩვენთვის ეს არის ოკუპაციის მორიგი გამოხატულება, მაგრამ ეს არის რეალობა. მე ჩამოვთვალე დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ. კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს 2008 წელს, როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი მიიღეს და იქ დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნიეს იმ საზღვრებში არსებული ტერიტორია. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული რუსებს შესაბამისი ტერიტორიები და პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო მთლიანი ის ტერიტორია, რომელიც ექცეოდა მათ მიერ აღდგენილ საზღვრებში. დანაშაული დანაშაულზე აქვთ ჩადენილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიული წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მოხდა არაერთგზის წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლებების დროს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის და ამ ამოცანას მადლობა ღმერთს, წარმატებით ვასრულებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.