ღაზის სექტორიდან ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს ადგილობრივი მოსახლოება როგორ იტაცებს ჰუმანიტარულ დახმარებას პირდაპირ სატვირთო ავტომობილებიდან, რომლებიც ღაზაში რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიან.
ადამიანები სატვირთო ავტომობილებიდან გზაზე ყრიან საკვებ პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭიროებებით სავსე ყუთებს, ადგილობრივებს კი მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეუძლიათ.
ზოგიერთ სატვირთო ავტომობილს აქვს წარწერა „დახმარება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“.
Times of Israel-ის ცნობით, რამდენიმე სატვირთო ავტომობილზე ჰამასის“ მებრძოლები იმყოფებიან.
ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შეზღუდული რაოდენობით შედის.
ცოტა ხნის წინ გაეროს პალესტინელი ლტოლვილების საქმეთა სააგენტომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის მოსახლეობისთვის სულ უფრო რთული ხდება, რადგან დამშეული ადამიანების ჯგუფები სატვირთო ავტომობილებს აჩერებენ და პროდუქტებს იტაცებენ.
„ადამიანები აჩერებენ სატვირთო მანქანებს, იტაცებენ საკვებ პროდუქტებს და მაშინვე იწყებენ ჭამას. ეს აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილნი და მშივრები არიან ისინი“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ფილიპ ლაზარინმა რამდენიმე დღის წინ.
ლაზარინის თქმით, მისი სააგენტოს თანამშრომლები ყვებიან, რომ ადგილზე ხვდებიან სულ უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც აბობენ, რომ რამდენიმე დღეა არაფერი უჭამიათ.
ამასთან, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ დღეს ჰუმანიტარული ტვირთი ღაზის სექტორში ისრაელიდან ქერემ შალომის გზით შევა.
აქამდე ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში რაფაჰის გამშვები პუნქტით შედიოდა, რომელიც ეგვიპტისა და ღაზის საზღვარზე მდებარეობს.
15 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისინი დათანხმდებოდნენ ჰუმანიტარული დახმარების ქერემ შალომის გზით შესვლას ღაზაში.