უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების გარეშე უკრაინას მოუწევს რუს ოკუპანტებთან დაპირისპირება, ისე, როგორც სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში. მისი თქმით, ეს ძალიან რთულია, მაგრამ გამარჯვების გარდა სხვა გზა არ არსებობს.
ზელენსკიმ ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
დახმარების 5 პაკეტის ფარგლებში, რომელსაც ურაინისთვის ევროპა და ამერიკა ამზადებენ, მედია დაინტერესდა შეძლებს თუ არა უკრაინა ამ ომში გამარჯვებას დახმარების გარეშე იმ მდგომარეობით, რომელშიც ახლა იმყოფება.
„როგორც იცით, ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, 24 თებერვალს, ჩვენ ნამდვილად მარტო ვიყავით. რთული და ძალიან რთული იყო. ტრაგიკული პერიოდი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და თქვენ ნახეთ, როგორი იყო ეს ჩვენთვის. თითქმის ჩვენი ოკუპაცია მოახდინეს. მაგრამ ჩვენ არსად გავქცეულვართ, არ წავსულვართ და ეს ბრძოლა მივიღეთ.
ასე რომ, როცა მეკითხებით, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება დახმარების გარეშე... შესაძლებელია ამის გაკეთება ისე, როგორც იყო. ვგულისხმობ, რთულია, ბევრ ადამიანს კარგავ. და თუ არ გინდათ დაკარგოთ თქვენი ხალხის სიცოცხლე, შვილები... თქვენ გარკვეულად გჭირდებათ ნამდვილი მძლავრი თავდაცვითი ფარი. დაწყებული თვითმფრინავებით და დამთავრებული არტილერიით.
თუ მსოფლიო და ევროპა გაერთიანდება უკრაინის გარშემო, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია გამარჯვება დახმარების გარეშე, მაგრამ დამარცხებაც არ შეიძლება, რადგან ერთადერთი, რაც გვაქვს - ეს არის სახელმწიფო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.