„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ, მასთან „ნაცმოძრაობის“ კოლექტიური წარმომადგენლები მივლენ, იქ მათი ადგილია და არა – ჩვენი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა. თქვენ იცით, რომ მას აღარ ენდობა საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტში 80-მა დეპუტატმა მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა მან თანამდებობა „ნაცმოძრაობის“ ხმებით შეინარჩუნა. სინამდვილეში, ის უკვე არის არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ, მასთან „ნაცმოძრაობის“ კოლექტიური წარმომადგენლები მივლენ. იქ მათი ადგილია და არა – ჩვენი. ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის ელჩებმაც იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. შესაბამისად, ყველასთვის ცხადია, რატომ არ მიდის მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის მიღებაზე. ელჩებს საკუთარი ეტიკეტი აქვთ და ისინი ვალდებული არიან, სახელმწიფოს მეთაურთან მივიდნენ, რადგან სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაური ფორმალურად მაინც არის. ჩვენ იმის პოლიტიკური ფუფუნება გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტს არ ვეწვიოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.