სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთების, შინაარსის კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ საქართველოში იყო დაინიცირებული და დემოკრატიის დაცვის აქტს არქმევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხებზე სხვა ქვეყნებში ცივილიზებული დისკუსიები მიმდინარეობს, თუმცა „საქართველოში ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს, პოლიციას, ევროპისა და დემოკრატიის სახელით ამტვრევდნენ მანქანებს“.
„რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ბედის ირონიაა. ლათინური გამოთქმაა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს – ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. სამწუხაროა, რომ ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ორგანიზაცია, ზოგიერთი ქვეყანაც კი თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ჩვენ და ქართველ ხალხს კი – ხარად. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნები აინიცირებენ ასეთ კანონპროექტებს, მათ შორის ევროკავშირიც აინიცერებს ზუსტად იმავე სულისკვეთების, შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და დემოკრატია დაცვის აქტს არქმევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტი დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა და შესაძლოა, აქეთ მოითხოვონ შესაბამისი კანონის მიღება.
რაც შეეხება თავად ამ პროექტს, იდეას, ამაშია ბედის ირონია. კანონპროექტი დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა, დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, მივიღოთ ამ დირექტივის შესაბამისი კანონი. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნდება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, ასეთი სახის კანონი მივიღოთ იმის ფონზე, როცა ბევრი უცხოელი აქტორი მარტში პირდაპირ დეზინფორმაციულ შტურმზე იყო საქართველოს წინააღმდეგ და ქართული საზოგადოების ნაწილის ტყუილში დარწმუნება მოახერხეს. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ეს კანონი დემოკრატიის დაცვის ნაწილია. ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან აგრესიული ჯგუფები, რომელთა ძირითადი ნაწილი ზუსტადაც უცხოეთიდან არის დაფინანსებული, საქართველოს ისტორიაში პირველად მანქანებს ამტვრევდნენ, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.