უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიიარტოსთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
კულებამ თქვა, რომ მას ერთსაათიანი "გულწრფელი საუბარი" ჰქონდა სიიარტოსთან.
„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. გულწრფელად ვუპასუხეთ ერთმანეთის შეკითხვებს. უკრაინასა და უნგრეთს კითხვები აქვთ ერთმანეთის მიმართ”, - აღნიშნა კულებამ.
მინისტრის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროსაბჭოს მომავალი გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
”მე მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით დრო. ახლა მე მოვახსენებ პრეზიდენტ ზელენსკის. პეტერი მოხსენებას წარუდგენს თავის პრემიერ-მინისტრს {ვიქტორ ორბანს}. ამავდროულად, მინდა სიგნალი გავგზავნო. მე მკაფიოდ ვთქვი: პეტერ, ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული მომავალი, ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რაც შეიძლება სწრაფად, ერთად“, - თქვა კულებამ.