ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა “ჰამასის” მებრძოლებს დაუყონებლივ დაყარონ იარაღი და დანებდნენ.
მისი თქმით, ის, რომ ბოლო დღეებში „ჰამასის“ უფრო და უფრო მეტი მებრძოლი იარაღს დებს და ტყვედ ბარდება, მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია დასასრულს უახლოვდება.
"ისინი ყრიან იარაღს და ნებდებიან ჩვენს გმირ ჯარისკაცებს. ომი გრძელდება, მაგრამ ეს არის „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისი. მე მივმართავ „ჰამასის“ ტერორისტებს: ეს არის დასასრული. სასწრაფოდ ჩაბარდით, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ნეთანიაჰუმ ისაუბრა ათობით მებრძოლზე, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ. თუმცა, „ჰამასი“ ამას უარყოფს.
ისრაელის არმიის ცნობით, კვირას, თავდასხმა განხორციელდა ღაზის სექტორში 250-ზე მეტ სამიზნეზე. მათ შორის „ჰამასის“ სამხედრო საკომუნიკაციო ობიექტებზე და მიწისქვეშა გვირაბებზე ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, მათ გაანადგურეს შეჯაიას ბატალიონის ახალი მეთაური, ემადა კრიკაე. მანამდე ომში დაიღუპა ჰამასის ბატალიონის წინა მეთაურიც. ისრაელის მონაცემებით, ღაზის სექტორში ამ დროისთვის 98 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა. მათივე ცნობით, ისრაელის ძალებმა 7000-მდე მებრძოლი გაანადგურეს.