არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრა თუ არა უკვე, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს იქნება პირდაპირი, უხეში და ღია დარღვევა არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში მიემგზავრება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ასეთი ვიზიტი იქნება კონსტიტუციის დარღვევა.
„ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია, არც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. მიხეილ სააკაშვილსაც კი საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია. ის არღვევს საქართველოს ხალხის ნებას, ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა და სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება. ადრეც ვამბობდი, ჩემი რჩევა იქნებოდა, მან არ გახსნას „პანდორას ყუთი“ კონსტიტუციის დარღვევისა, ვინაიდან თუ ის ამ ყუთს გახსნის, მაშინ კარგავს უფლებას, სხვას მიუთითოს კონსტიტუციის დარღვევაზე და თუ ის ღიად, განზრახ არღვევს კონსტიტუციას სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, მას აღარ შეიძლება, შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის მიმართ არ დაირღვეს კონსტიტუცია. ამ სამწუხარო ჩიხში შეჰყავს საქართველოს სახელმწიფო მოწყობა. მტრობაა ქართული სახელმწიფოსი, როცა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი არა შემთხვევით, არა გაუაზრებლად, არა არცდონით, არამედ გააზრებულად არღვევს კონსტიტუციას. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი. აქ, საერთო ჯამში, გასაკვირი არაფერია იმ დაშვებით, რომ ის აპირებს გაემგზავროს, როგორც ვიცი, დასტური ამ მხრივ ადმინისტრაციის მხრიდან არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი არის ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის“.
„18 ოქტომბრიდან სალომე ზურაბიშვილი ამ პოზიციას ინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კონსტიტუციის დარღვევა. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, იმპიჩმენტი შედგებოდა და სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არ გააკეთა, რადგან კი არ უფრთხილდება კონსტიტუციურ ორგანოებს, მათ აქვთ პირდაპირი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისა და სალომე ზურაბიშვილი არის ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის. სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის საფუძველი. სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, ამ ღონისძიებებით, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ხელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.