რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშიმ, განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ დაბლოკა უკრაინის დახმარების კანონპროექტის განხილვა, რადგან ის ცდილობდა დაემტკიცებინა რამდენად მნიშვნელოვანია სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რიში უკრაინას თანმიმდევრულად უჭერს მხარს, თუმცა ამავდროულად, სენატში სხვა რესპუბლიკელების მსგავსად, უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის განხილვას მხარი არ დაუჭირა.
„ეს იყო კენჭისყრა პარტიული ხაზით, ეროვნული უსაფრთხოების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. ჩვენ მას გავივლით. ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგები მეორე პარტიიდან, რომ ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილი. ჩვენ, რესპუბლიკელები ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ საზღვრის დაკეტვის საკითხს. ჩვენ გვყავს დღეში დაახლოებით 10,000 არალეგალი მიგრანტი, რომლებიც კვეთენ საზღვარს შეერთებულ შტატებში და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები, უპირველეს ყოვლისა,” - თქვა მან.
სამხრეთ საზღვრის საკითხის უკრაინისთვის დახმარების დაფინასებასთან დაკავშირებაზე საუბრისას რიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს შეაფერხებს.
"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ კვირები და თვეები, არამედ წლების განმავლობაში, და დროა ამას სერიოზულად მოვეკიდოთ", - დასძინა სენატორმა.
შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაამტკიცა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოთხოვნა 106 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა ის კონგრესს 20 ოქტომბერს წარუდგინა.
გადაწყვეტილებას, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ბლოკავს.
რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.
კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. თუმცა სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამას ემატება მოახლოებული საშობაო არდადეგებიც.
თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.