იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა.
რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე იმ რეფორმებსა და ინოვაციებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში ახორციელებს.
„ინოვაციური მოწყობილობა „პრობბოქსი“ პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის თანამედროვე მექანიზმია, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ აქვს. პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებშია შესაძლებელი, რითაც გაიზარდა პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა ამერიკულ მხარეს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში იუსტიციის სამინისტროს მიერ დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამებიც გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონებში მედიაციის სივრცეებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების გახსნის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების სამომავლო განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.
ქართულმა მხარემ პრობაციის სფეროში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და მასპინძელ მხარეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია.