ნიუ იორკის მერიაში შევხვდით კრისტენ კაუფმანს, რომელიც არის ნიუ იორკის მერის წარმომადგენელი საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით და დედაქალაქში რომ საცობებია გაუვალი და გვაქვს, მათ შორის, ეკოლოგიური კატასტროფა, ამ თემაზე ვსაუბრობდით, რათა ნიუ იორკის მერიამ გაგვიზიაროს თავიანთი გამოცდილება ეკოლოგიური მიმართულებით, თუ როგორ ებრძვიან დაბინძურებულ ჰაერს, როგორ შეიძლება, რომ სატრანსპორტო მიმართულებით ჩვენს ქალაქში არ იყოს კოლაფსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ნიუ იორკის მერიაში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ იორკის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრაზე, ასევე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა.
„ჩვენ დავმეგობრდით. მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ კიდევ ერთი დამატებითი კონტაქტი ნიუ იორკის მერთან და ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლობირებას, მათი ინტერესებისთვის მუშაობას, თუნდაც ასეთ ლოკალურ თემებზე, როგორებიც არის საცობები, ეკოლოგია, ვიმუშავებთ ყველა დიდ ქალაქში იმისთვის, რომ გავიზიაროთ საუკეთესო გამოცდილებები სხვადასხვა დიდი ქალაქის და, ცხადია, წარმოუდგენელია, არ გვინდოდეს, გავიზიაროთ ნიუ იორკის ეკონომიკა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც Powerful management leadership and technology center-ის პრეზიდენტმა, მეგი ქურდაძემ აღნიშნა, ნიუ იორკის მერიაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის.
„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ნიუ იორკის მერიის საერთაშორისო დეპარტამენტთან, მათ წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო თემაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ასევე ქალთა ჩართულობაზე ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით. Powerful management leadership and technology center – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნე აშშ-ში, ღია ვარ ყველანაირი თანამშრომლობისთვის. ბატონი ლევან ხაბეიშვილის შეხვედრები არის ძალიან ნაყოფიერი, მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ. ჩვენ წინ გვაქვს მრავალი შეხვედრა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გვექნება და ვიწვევთ ყველას, ვინც დაინტერესებულია, ამერიკული გამოცდილება გაუზიაროს ადგილობრივ მოხელეებს, წავიღოთ სიახლეები და ველოდებით თანამშრომლობისთვის მათ, ვისაც სურვილი აქვს ითანამშრომლოს ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციასთან“, – განაცხადა მეგი ქურდაძემ.