უნგრელი მეგობრების, კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დასრულდა ვიზიტი უნგრეთში, რომელიც შედგა უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე. შევხვდით თავად ვიცე-პრემიერს, ასევე შევხვდით პარლამენტში შესაბამისი თანამდებობის პირებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს. ასევე შეხვედრა გვქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდებოდა ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. უნგრელი მეგობრების, კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე, ზოგადად, ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის საკითხის საქართველოსთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია.
„უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. სპეკულაციური განცხადებებია, რაც ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან გვესმის. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა, თუმცა ამ ორ საკითხს შორის კავშირი არავის დაუნახავს. წელსაც არავითარი კავშირი არ არის. ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.