უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ TN იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას უკრაინის საელჩოში დაუდასტურეს.
ირკვევა, რომ ზელენსკი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კვირას, 10 დეკემბერს ჩავა. იმის მიუხედავად, რომ ზელენსკი მიწვეული სტუმრების სიაში იყო, ის არგენტინაში გამგზავრებას არ გეგმავდა.
„ზელენსკის ვიზიტი არის ძლიერი პოლიტიკური ჟესტი რეგიონის მიმართ: ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკი ეწვევა ლათინურ ამერიკას გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - აღნიშნულია გამოცემის პუბლიკაციაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის მიწვევა ასევე არის მილეის მკაფიო ჟესტი უკრაინის მიმართ, რადგან ეს ნიშნავს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის ადმინისტრაციის პოზიციის ცვლილებას.
„მილეიმ ზელენსკი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სატელეფონო საუბრის დროს მიიწვია და შესთავაზა კონფლიქტის შესაძლო რეგიონალური სამიტი არგენტინაში ჩატარდეს. უკრაინის პრეზიდენტის ყოფნა არგენტინაში გაზრდის უსაფრთხოების პროტოკოლებს, რადგან ის {ზელენსკი} რუსეთის მხრიდან რამდენიმე თავდასხმის სამიზნე იყო“, - წერს მედია.
არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართა, ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა, ხავიერ მილეიმ ამომრჩეველთა ხმების 56% მოიპოვა.