მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან, ეს ალბათ მოხდება აგვისტო-სექტემბერში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარი აქტიურად განიხილება და მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება, გადააყენებენ რეალურად, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება, მოხდეს აგვისტოში, სექტემბერში. რეალურად ორი რამისთვის შეიძლება, დასჭირდეთ სალომე ზურაბიშვილი. ერთი ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან ოპოზიციის არჩევნების შემდგომი კამპანიის მხარდაჭერა გაყალბებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველამ წინასწარ ვიცით, რაზეც ააგებს კამპანიას არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და ამაში შეიძლება, დასჭირდეს რადიკალურ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამისთვის ის სჭირსებათ პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა შეიძლება, განხილული იქნას ალტერნატიული სცენარი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში გადადგება პრეზიდენტის თანამდებობიდან, რათა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მგონია მისი პრეზიდენტად დატოვება, რადგან დიდი საარჩევნო რესურსი სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. თუმცა, საბოლოო ჯამში დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც, უფრო მაღალი ალბათობით მგონია, სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს ალბათ მოხდება აგვისტო-სექტემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.