ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ონლაინბრიფინგზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან უკრაინაში ომია და ვითარება მუდმივად იცვლება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა FoxNews-ის ეთერში განაცხადა.
„ეს ომია. ვითარება იცვლება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ზელენსკი მადლიერია და ის გააკეთებს ამას შემდეგ ჯერზე, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება“, - თქვა უმეროვმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო მომენტში გააუქმა გამოსვლა აშშ-ს სენატის წევრების წინაშე, რომლებმაც უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის საკითხზე უნდა იმსჯელონ.
აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმითზ ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო და დასძინა, რომ სენატორების წინაშე დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ისაუბრებს. ამასთან, შუმერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას.