ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.
„მოხალისეობა ახალი არ არის. მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ სწორედ იმ უცხო რეჟიმის, რომელიც დამკვიდრებას ცდილობდა და მოსახლეობის ნაწილიც ებრძოდა ამ რეჟმის დამკვიდრებას. ეს იყო წმინდა წყლის მოხალისეობა.
ასევე, მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ისინი იქ, თავისუფლად და ნებაყოფლობითი არჩევანით, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ და მე მინდა, რომ აქ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭების ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებულნი არიან.
მოხალისეები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 13 ივნისს ებრძოდნენ სტიქიას და შეძლეს ამ ქალაქისთვის მაგალითის მიცემა თუ როგორ უნდა დაიცვა თავი ასეთ წარმოუდგენელი და სრულიად მოულოდნელი სტიქიის დროს. დღევანდელ დღეს კლიმატური ცვლილებების ფონზე, ალბათ, მზად უნდა ვიყოთ ამისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე ძალიან ტრაგიკული იყო შოვის ტრაგედია, რომელსაც ის 3 ახალგაზრდა შეეწირა, რომელსაც დღეს დავაჯილდოებთ იმისთვის, რომ მუდამ ცოცხლები დარჩნენ, დარჩნენ ერთგვარად მაგალითი იმისა, რას ნიშნავს იყო მზად, რომ სიცოცხლის ბოლომდე და სიცოცხლის ფასად მიიყვანო შენი საქმიანობა ბოლომდე. მათ დააარსეს ,,ცოდნის კაფე“ თავიანთ ქალაქში.