საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია და რაც შეეხება წევრობას, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს.
„საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია. სხვადასხვა ფორმატებით ხორციელდება თანამშრომლობა და დახმარება, რაც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება წევრობას, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება. მთავარია, რომ ჩვენი მისწრაფება არის ნათელი და ამას სჭირდება პასუხი ნატო-ს მხრიდან, რომ მოხდეს უფრო მეტი ინტეგრაცია. ჩვენი კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ნათელია. წლების განმავლობაში, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი კონტინენტის მონაწილეობით. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოში, ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს არის ასევე უსაფრთხოების გარანტია ნატო-სა და ევროკავშირისთვის, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გზები თუ მილსადენები გადის, რაც იმას უზრუნველყოს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ესა თუ ის საქონელი თუ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. ამიტომ, საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება ნიშნავს ევროკავშირისთვის უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.