ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, საქართველოს ნატო-ს წევრობის მისწრაფებებზე, კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-თან დაახლოების მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნატო-ს წევრო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსაც.
„ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი. ხვალ მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. დღეს შეხვედრა იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე საქართველოს მისწრაფებებზე წევრობაზე. კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-თან დაახლოების მხრივ. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ამ რთულ პერიოდში. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რომ გამოწვებებიდან გამომდინარე სრულად უზრუნველყოს უსაფრთხოება და ამავე დროს სოლიდარული იყოს უკრაინის მიმართ. მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის თავიდან არიდების საკითხებზე გვქონდა საუბარი და სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.