მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.
კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
წაკითხულის გააზრებაში საქართველოს მაჩვენებელი 6 ქულით შემცირდა და 374 ქულას შეადგენს, მათემატიკაში 390-ს (-8), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 384-ს (+1).
სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით კი მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის სამივე ნაწილში საშუალო მაჩვენებლებს ჩამორჩება. საშუალო მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 476 ქულაა, მათემატიკაში 472, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 485.
ამავდროულად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სქესის მიხედვით შედეგებში გოგოების მაჩვენებელი ბიჭებისას აღემატება.
PISA ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს.