დევნილები დახმარებისთვის სოზარ სუბარს მიმართავენ
თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა ერთობლივი განცხადებით „ქართული პარტიის" თავმჯდომარეს სოზარ სუბარს მიმართეს.
„საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი ლტოლვლთა და განსახლების სამინისტროს ჩვენი პრობლემებისადმი უსამართლო და არაობიექტური მიდგომის გათვალისწინებით, ვითხოვთ დახმარებას დევნილთა საკოორდინაციო შტაბის შექმნასა და დევნილთა უფლებების დამცველი კომიტეტის ჩამოყალიბებაში, რომლის თავმჯდომარეობა, დევნილთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, გვსურს მოგანდოთ თქვენ და მოგვმართავთ თხოვნით, უხელმძღვანელოთ ამ საქმეს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით, ისინი დადებითად აფასებენ სახალხო დამცველის პოსტზე სოზარ სუბარის მოღვაწეობას და აღნიშნული შეთავაზებაც ამ გარემოებამ განაპირობა.