„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხაბეიშვილი და ჭიაბერაშვილი 4-7 დეკემბერს ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმს დაესწრებიან. ენმ-ის ინფორმაციით, ფორუმს ასევე დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.
პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ექნება მაღალი რანგის შეხვედრები და მათ შორის შეხვდებიან IDU-ს პრეზიდენტს, სტეფან ჰარპერს. 8 დეკემბერს კი ნიუ იორკში პარტიის ლიდერები შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს.
„ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში, IDU-ს ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება 4-დან 7დეკემბრის ჩათვლით. დღის წესრიგი და მთავარი საკითხები ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში და ავტოკრატიების დასრულება. ასევე, გვექნება ოფიციალური შეხვედრები და მათ შორის შეხვდებით IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს. ამის გარდა, ვაშინგტონში და ნიუ იორკში იქნება მაღალი რანგის შეხვედრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.