ღაზაში მასშტაბური ტერაქტი მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და ანკარას გაჩუმება არ შეუძლია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა ბოლო მოეღოს ისრაელის თავდასხმებს ღაზაში და უზრუნველყოს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა.
„შექმნილმა ვითარებამ, რომელიც ისრაელის უკანონო მიდგომამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით, როდესაც ვშიშობდით. იყო მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა და სამწუხაროდ, ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით ისრაელის უკომპრომისო მიდგომის გამო“, - განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ კარგავს იმედს, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
”იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ მივაღწიოთ მუდმივ მშვიდობას, რომელსაც ველით. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მისწრაფებებს მშვიდობის მისაღწევად“, - თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს კონტაქტებს ამ საკითხზე {ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე} სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს შედეგს გამოიღებს.
ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამუდმებით ცდილობს გაამართლოს ქმედებები ღაზაში.
„ნეთანიაჰუ მუდმივად ცდილობს გაამართლოს "გენოციდი" რელიგიური რიტორიკით, მაგრამ, ხედავთ, არ არსებობს რელიგიური საფუძველი იმისა, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი არიან ოკუპანტები, ისინი არიან მჩაგვრელები. ღაზაში ფართომასშტაბიანი ტერაქტი მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და ანკარა არ შეიძლება გაჩუმდეს ამ სახელმწიფო ტერორიზმის წინაშე“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დაახლოებით სამი ათასმა ადვოკატმა მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და მოითხოვა ნეთანიაჰუს პასუხისგებაში მიცემა პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
„მოველი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „ღაზის ჯალათების“, უპირველეს ყოვლისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება დიდი შვება იქნება მათთვის, ვინც სამართლიანობის მოლოდინშია და იტყვის: „როგორც იქნა!“ ანკარა მოელის, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ისრაელის ყველა ლიდერი სათანადოდ დაისჯება, - განაცხადა ერდოღანმა.