ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისტორიაში დარჩება, როგორც "ღაზის ჯალათი".
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
“ნეთანიაჰუმ, რომელმაც ბოლო ასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული ჩაიდინა ღაზის სექტორში, უკვე ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში, როგორც „ღაზის ჯალათი“. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზის მოსახლეობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლია“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მან აღნიშნა, რომ ისრაელის არმიის სამიზნე გახდა მეჩეთები, ნანგრევებად გადაიქცა სკოლები, დაინგრა საავადმყოფოები, ლტოლვილთა ბანაკები კი მიზანმიმართული დარტყმების ქვეშ მოექცა.
„მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გარბოდნენ, დაბომბეს, დაიღუპნენ უდანაშაულო ბავშვები, ხოლო მშობლები აიძულეს შეეგროვებინათ მათი ცხედრები“, - თქვა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, გენოციდი განხორციელდა ღაზის 2,3-მილიონიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინის ექსკლავის მაცხოვრებლებს მოკლებული აქვთ წვდომა ძირითად საჭიროებებზე და „განთავსებული არიან ღია ცის ქვეშ ციხეში, რომელიც მოიცავს 360 კვადრატულ კილომეტრს“.
„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ღაზის სექტორში, ასევე რამდენიმეს გამოკლებით დასავლეთის ქვეყნების მიერ მომხდარის უგულებელყოფას“ , - თქვა მან.
ერდოღანის თქმით, ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებები ამცირებს იმედებს, რომ ჰუმანიტარულ პაუზას ღაზის სექტორში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა მოჰყვება
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ჰუმანიტარული პაუზის ფონზე, ანკარა აპირებს დიპლომატიური კავშირების გააქტიურებას, რათა მიაღწიოს რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლებას და ცეცხლის შეწყვეტას.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა პალესტინის პრობლემის მოგვარების საკითხის აუცილებლობას ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე, 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნით და დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.