პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამოქმედო გეგმაში კონკრეტული პუნქტების მიხედვით სხვადასხვა ვადაა გაწერილი, თუმცა გეგმა 2024 წელს არ სცილდება.
„უკრაინისა და მოლდოვის დასაწევი ჩვენ არაფერი გვაქვს. პირიქით, ორივე ქვეყანას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ვუსწრებთ წინ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოწესრიგდება დეკემბრის დასაწყისისთვისაც კი, ან გარკვეული საკითხები – დეკემბრის ბოლომდე. არის გარკვეული საკითხები, სადაც ვადები მითითებულია იანვრამდე, თებერვლამდე, არის გარკვეული საკითხები, რაზეც 2024 წლის ბოლომდე იქნება საჭირო მუშაობა. მაგალითად, ერთ-ერთია თვითონ არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩატარება არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, სურათი გვეცოდინება წლის ბოლომდე. დეზინფორმაციასთან ბრძოლაც გაგრძელდება, დაიწყება აქედან და გაგრძელდება 2024 წლის ბოლომდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის კონკრეტული პუნქტების მიხედვით გაწერილი სხვადასხვა ვადა. ზოგიერთ შემთხვევაში არის ამა წლის დეკემბერი, ზოგიერთ შემთხვევაში – იანვარი. სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი, 2024 წელს არ სცილდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.