არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებულ სამუშაოებში, „ქართული ოცნება“ მაინც უზრუნველყოფს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა წინ წავიდეს.
„ოპოზიცია იმასაც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუმცა ვხედავთ, რომ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და ეს არის სწორედ იმ ერთპარტიული მუშაობის დამსახურება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან წარიმართა. რა თქმა უნდა, არ მინდა, დამსახურება დავუკარგო რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციების სუბიექტები არ იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში. ამიტომ, არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება.
რაც შეეხება ცხრა პრიორიტეტს, შევთავაზებთ, მაგრამ ენდომებათ, ჩაერთვებიან, არ ენდომებათ, არ ჩაერთვებიან. ერთპარტიულად თუ მრავალპარტიულად, ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა მეტად წავიდეს წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ჩვენ, ერთპარტიულ თუ მრავალპარტიულ რეჟიმში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.