ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“, აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო პარტიის წევრი, თუმცა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს აუმხედრა რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილს და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე 16-პროცენტიანი რეიტინგით ამაყობს, თუმცა ვერ ითვლის, რომ 16 პროცენტით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.
„თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16-პროცენტიანი რეიტინგით. შეიძლება, ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან, ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16 პროცენტით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან სხვები, რომლებსაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ. გასაგებია, საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.