ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი, ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესში მეტი აქტიურობა, რეიტინგის ზრდის კუთხით დადებითი შედეგები, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას, ერთიანობის განცდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს და, უპირველესად, უნდა ესმოდეს, რომ არცერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ ერთიანობა დაირღვეს, პარტია შესუსტდეს. ამიტომ ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა. ამის შემდეგ მოწვეულ იქნეს მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების მიხედვით, ასევე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით. სწორედ ეს პოლიტსაბჭო აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს. მთელი 2024 წლის განმავლობაში სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას. ყველა განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ჰყავს წარმომადგენელი პარტიის მართვაში და ამ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, ლევან ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა აიღოს. ბოლოს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ღირსეულად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ერთად დავსხდეთ და, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეში ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა მუმლაძემ.