ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში იმყოფებოდა, სადაც ჯარისკაცებს ესაუბრა და ერთ-ერთი გვირაბი დაათვალიერა.
„ჩვენ აქ, ღაზაში ვართ ჩვენს გმირ მებრძოლებთან ერთად. ჩვენ ყველანაირ ღონეს მივმართავთ ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად და საბოლოოდ, ყველას დავაბრუნებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ამ ომში: „ჰამასის“ განადგურება, ყველა გატაცებულის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზის სექტორი აღარ გახდეს საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის.
მე აქ ვარ, რომ ვუთხრა აქ მყოფ ჩემს მეგობრებს, მებრძოლებს, რომლებიც იმეორებენ იგივეს და მეც გიმეორებთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო: ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე - გამარჯვებამდე.
ვერაფერი შეგვაჩერებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს ძალა, ნება და მონდომება ომში ყველა მიზნის მისაღწევად და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.