„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ვინ ბედავს, რომ შესაწყალებელთა რიგებში მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილს, ხმა ისმის და ადამიანი არ ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, როცა პარტიაში გაცხოველებული გადანაწილება მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არავის სჭირდება.
„სინამდვილეში, საკითხავია, სააკაშვილის შეწყალება მის პარტიას უნდა თუ – არა. ძალიან დიდი მოტივაციითა და მხიარულებით მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ გადანაწილება. ასეთი გაცხოველებული გადანაწილება როცა მიმდინარეობს, ვის რაში სჭირდება სააკაშვილის შეწყალება. ჯერ აცალონ ამ ხალხს – ყველაფერს გადაინაწილებენ, აიწონა-დაიწონაც დასრულდება, ვნახავთ, მელია გადაწონის თუ ხაბეიშვილი და რაც დათესეს, იმ მოსავალს რომ აიღებენ, შემდეგ სააკაშვილის საკითხი უფრო ადვილად დასანახი გახდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.