"ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დაჯგუფების პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ახლოსაა შეთანხმება ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
"ჩვენ ახლოს ვართ ზავის შეთანხმების მიღწევასთან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ჰამასის" ტელეგრამარხზე გავრცელდა. მოსალოდნელი შეთანხმების დეტალებზე არაფერია ნათქვამი.
როგორც AFP იტყობინება, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ხუთდღიან ზავს, რომელიც ითვალისწინებს ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელის საჰაერო ოპერაციების შეზღუდვას ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.
სანაცვლოდ, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ 50-დან 100-მდე მძევალი გათავისუფლდება. მათ შორის იქნებიან ისრაელელები, მაგრამ არა სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სხვა ეროვნების მოქალაქეები. ასევე შეთანხმების თანახმად, ისრაელის ციხეებიდან 300-მდე პალესტინელი გათავისუფლდება.
ამასთან, შეთანხმების შესაბამისად, შესაძლოა, მძევლების ჯგუფები ეტაპობრივად გათავისუფლდნენ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ახლოსაა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს „ჰამასის“ ზოგიერთი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის შეტევის შეჩერების სანაცვლოდ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა მირიანა სპოლიარიჩმა ორშაბათს კატარში ცალკე შეხვედრები გამართა ისმაილ ჰანიასთან, ასევე კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კატარი მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსით მონაწილეობს. ამ ქვეყანაში მდებარეობს „ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ოფისი, გარდა ამისა, ისმაილ ჰანია დოჰაში ცხოვრობს.