კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთმა გამოიგონა მიზეზები საზღვრის დახურვისთვის და მიუღებელი უწოდა ბრალდებებს, რომ რუს მესაზღვრეებს მიგრანტები მიზანმიმართულად მიჰყავთ ფინეთის საზღვარზე კრიზისის პროვოცირებისთვის.
”ჩვენ არ მივიღებთ მსგავს ბრალდებებს,” - თქვა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, სასაზღვრო გადასასვლელით სარგებლობენ ისინი, ვისაც ამის კანონიერი უფლება აქვს და ამ მხრივ, რუსი მესაზღვრეები სრულად იცავენ ოფიციალურ მითითებებს.
პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ ფინეთმა შესაძლოა უახლოეს დღეებში დახუროს დარჩენილი სასაზღვრო პუნქტები რუსეთთან სახმელეთო საზღვარზე.
„ეს არაფერს იწვევს, გარდა ღრმა სინანულისა, რადგან ჩვენ გვქონდა დიდი ხნის, ძალიან კარგი ურთიერთობა ფინეთთან, პრაგმატული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ეს ურთიერთობები შეიცვალა რუსოფობიური პოზიციით, რომელსაც ამ ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს“, - თქვა პესკოვმა.
ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ ოთხივე სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს. სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა 22 ნოემბრის ღამეს იგეგმება.
რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტი დახურა, მთავრობის განმარტებით, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსები მასობრივად ითხოვენ თავშესაფარს. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, კიდევ ერთი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ.
დაზვერვის მონაცემების თანახმად, ფინეთი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩართულია თავშესაფრის უკანონო მაძიებლების ფინეთის საზღვარზე გადაყვანაში.
ფინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ საზღვრის კვეთაზე შესაბამისი დოკუმენტები, ცდილობდნენ ფინეთში შესვლას სამხრეთ-აღმოსავლეთით სასაზღვრო პუნქტების გავლით.