გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყანაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის უფლება გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თურქეთის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა აღნიშნა, ბერლინისთვის ისრაელის არსებობის უფლება უცვლელია.
თავის მხრივ, ერდოღანმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. „თუკი ბერლინი და ანკარა ერთობლივად შეძლებენ ამის მიღწევას, გაჩნდება შანსი, რომ რეგიონი გადავარჩინოთ „ცეცხლის რგოლისგან“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან დაგმო ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში და აღნიშნა, რომ იქ ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული და ადგილი სახელად ღაზა, აღარ არსებობს. ამავდროულად, ერდოღანმა, რომელიც ადრე საჯაროდ საუბრობდა ისრაელის სახელმწიფოს „საეჭვო ლეგიტიმურობაზე“, ახლა აღნიშნა, რომ ემხრობა კონფლიქტის გადაწყვეტას 1967 წლის საზღვრებში ორი ხალხისთვის ორი სახელმწიფოს შექმნის გზით.
თავის მხრივ, შოლცმა ასევე მხარი დაუჭირა საკითხის მსგავს გადაწყვეტას, მაგრამ მიუთითა ბერლინსა და ანკარას შორის განსხვავებულ ხედვებზე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, ორივე ლიდერი იზიარებს შეშფოთებას ესკალაციის გამო. „ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ღირებულია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა შეშფოთებულია, მათ შორის „პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის გამო“.
პრესკონფერენცია შოლცისა და ერდოღანის მოლაპარაკებების წინ გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრაზე რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების გზებს განიხილავს.
ერდოღანი ბერლინში დღეს ჩავიდა. როგორც მედია წერს, 2020 წლის შემდეგ ეს თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია გერმანიაში.
შოლცთან შეხვედრამდე ერდოღანი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერს. გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის შეტევა ღაზის სექტორში და დაადანაშაულა ისრაელი ომის დანაშაულებში, ხოლო გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა თქვა, რომ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის პოზიცია, რომელიც ხაზს უსვამს „ისრაელის თავდაცვის უფლებას“.