"ახალი მემარჯვენეების" შეფასებით, "დემოკრატიის განვითარების ინდექსით 103-ე ადგილზე მყოფ საქართველოში ხელისუფლების ძალისხმევით კიდევ ერთი თავისუფლების კუნძული "ჩაიძირა".
ასე ეხმაურება პარტიის წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე " presa.ge"-ის ჟურნალისტთა ნაწილის მიერ დატოვებას, რომელიც ჰოლდინგის გენერალურ დირექტორს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.
"პოპულარული და მიუკერძოებელი საიტის პრესა.გე-ს ჟურნალისტებმა პროტესტი გამოთქვეს იმ წნეხის გამო, რომელსაც ჰოლდინგის ახალი ხელმძღვანელობა ახორციელებდა მათზე და იძულებულნი გახდნენ მათ მიერ შექმნილი პოპულარული საიტი დაეტოვებინათ. ჟურნალისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ შეეგუენ დამოუკიდებლობის დაკარგვას, ფარ-ხმალი არ დაყარეს და სამაგალითო პრინციპულობით გააგრძელეს პროფესიული საქმიანობა ახალ ფორმატში", - განმარტავს ჩიხრაძე.
ამასთან, ის საზოგადოებას მიმართავს, აღნიშნულის შესახებ გავრცელებული იმ ინფორმაციას არ ენდოს, რომლის მიხედვითაც, presa.ge-ს ჟურნალისტების ამ გადაწყვეტილების უკან გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები მოიაზრებიან და ამტკიცებს, რომ ეს "ჭორი" და "შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაციაა".
"ახალ მედიასაშუალებას (presa.ge tv) ნებსით თუ უნებლიედ, მიკერძოებულის იარლიყს ნუ დავკიდებთ... ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ "presa.ge tv"-ს დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს. გვჯერა, რომ ისინი კვლავაც ობიექტურად და მაღალპროფესიულ დონეზე გააშუქებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკური ძალების წარმომადგნელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტულ წრეებს - აქტიურად ვითანამშრომლოთ ამ მედიასაშუალებასთან და ამით ხელი შევუწყოთ ახალი საიტის ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას", - აცხადებს ჩიხრაძე.