ალ-შიფას ჰოსპიტალთან მდებარე შენობაში, ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლების მიერ გატაცებული ქალის ცხედარი იპოვეს. ამ ტერიტორიაზე ისრაელელი სამხედროები ოპერაციას მეორე დღეა ატარებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის, იეჰუდით ვაისის ცხედარი იდენტიფიცირებულია სასამართლო ექსპერტიზის მიერ, ინფორმირებულია მისი ოჯახის წევრებიც.
„ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ გატაცებული,იეჰუდით ვაისის ცხედარი, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს მახლობლად მდებარე შენობაში იპოვეს და ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს. შენობაში, სადაც იეჰუდითი იყო მოთავსებული, ასევე აღმოჩენილია სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები”, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელის მედია წერდა, რომ 65 წლის ვაისი "ჰამასის“ ტერორისტებმა ღაზის სექტორის საზღვრის სიახლოვეს კიბუც ბეერიდან გაიტაცეს.
ვაისი ონკოპაციენტი იყო, გატაცებამდე სამი თვით ადრე მას მკერდის კიბო დაუდგინეს, ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპია უნდა გაევლო.
The Times of Israel იუწყება, რომ ვაისს ხუთი შვილი ჰყავდა, მისი ქმარი შმულიკ ვაისი კიბუცზე თავდასხმის დროს დაიღუპა.