რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვისას განაცხადა.
„რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის… ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში – კერძოდ, სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ…
24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა სცადა ჩვენი რეგიონი და შავი ზღვა იარაღად გადაექცია. და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტის მიზანმიმართული განადგურება და საექსპორტო ინფრასტრუქტურა სჭირდებოდა აგრესორს, რათა გაენადგურებინა სურსათის გლობალური ბაზარი და ამით გამოეწვია ქაოსის ახალი აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში...
ჩვენ მოვახერხეთ რუსეთისთვის ინიციატივის წართმევა შავ ზღვაში და შევქმენით უსაფრთხოების პირობები, რომლებმაც აიძულა აგრესორი, გაქცეულიყო ზღვის აღმოსავლეთი ნაწილიდან და დაემალა სამხედრო გემები. პირველად მსოფლიოში, შავ ზღვაში საზღვაო უპილოტოების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა დაიწყო მოქმედება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა, როგორც ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რუსეთს აღარ შეუძლია, გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდოვას - გლობალური უსაფრთხოების მხარეზე ყოფნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსული აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიებს შექმნას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.