„გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა, „ქართული ოცნება“ კი დამარცხდება.“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნება“ მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მეტი ერთობისკენ მოუწოდებს:
„გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, გავა პირველ ადგილზე. პრორუსულ ძალას არასდროს ჰქონია ქვეყნის მართვის მანდატი და დღეს „ქართული ოცნება“, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, არის ღიად პრორუსული ძალა და აქედან გამომდინარე ის ვერ მოიგებს არჩევნებს.
IRI -ის კვლევის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი გამონაკლისი პარტია, რომლის რეიტინგიც გაიზარდა, მაგრამ იმისთვის, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის. ჩვენ ვაყალიბებთ „გამარჯვების კოალიციას“ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში რაიმე სახის გამარჯვების შანსი არ დავუტოვოთ.
ეს კვლევა მიმანიშნებელი უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომ როგორც ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გადავდგით ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ, ასე უნდა გადადგან ნაბიჯი და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი პრობლემა აღარ იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ეს პრორუსული, ბნელი ძალა ჩამოვაშოროთ ქვეყნის მართვას. ყველა ოპოზოციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ. მე, როგორც „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ ვაწყობ სტრატეგიას თუ ვინ ვისთან გაერთიანდება, ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე და გავალთ კიდეც და ამას მოწმობს აღნიშნული კვლევებიც.“ - განაცხადა ვაშაძემ