გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში გაფართოებული ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელ ღაზის სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე მოუწოდებენ „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ.
რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი – აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა თავი შეიკავა.
ისრაელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, "რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.
„უშიშროების საბჭომ ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელიც, სამწუხაროდ, მოწყვეტილია ადგილზე არსებულ რეალობას“, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა.