ისრაელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებას შეიცავს, "რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.
„უშიშროების საბჭომ ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელიც, სამწუხაროდ, მოწყვეტილია ადგილზე არსებულ რეალობას“, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა.
ერდანმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველა ღონეს მიმართავს ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ ვერ დაუგმია 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა.
„რეზოლუცია ფოკუსირებულია მხოლოდ ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე და არ არის ნახსენები, რამ გამოიწვია ეს მომენტი“, - განაცხადა დიპლომატმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ყოველთვის იცავს საერთაშორისო სამართალს და ამისთვის არ საჭიროებს რეზოლუციას.
მისი თქმით, ისრაელის პრიორიტეტი მძევლების სახლში დაბრუნებაა და ის გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნის მისაღწევად.
„ჰამასის სტრატეგიაა მიზანმიმართულად დაამძიმოს ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზის სექტორში და გაზარდოს პალესტინელების მსხვერპლი, რათა აიძულოს გაერო და უშიშროების საბჭო შეაჩერონ ისრაელი. ეს არ მოხდება. ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას ვიდრე „ჰამასი არ განადგურდება და მძევლები არ დაბრუნდებიან“, - თქვა მან.