სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, დემოკრატია როგორ ფუნქციონირებს, მას ჰგონია, რომ ჩვენ არჩევნების შედეგი წინასწარ უნდა შევუკვეთოთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„უნდა ვუთხრათ, რომ ქალბატონ სალომეს ან მის მფარველებს, ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათთვის სასურველი შედეგი იქნებოდა ეს, რომ პარლამენტში იყოს, ვთქვათ, ხუთი პარტია და ქართველო ხალხო, რამენაირად მოახერხე, შენი ხმები ისე გადაანაწილე, რომ ასე მოხდეს. ეს არის დამამცირებელი და ცოტა ზემოდან კი არა, კარგად ზემოდან ყურება ქართველი ხალხისადმი, რომ ქართველი ხალხი თავად ვერ გადაწყვეტს, ვის მისცეს ხმა, ჩამოყალიბდეს ვინ არის მისი რჩეული, არამედ მას სჭირდება კარნახი ვიღაცების მხრიდან. შევახსენებ ქალბატონ სალომეს და მათაც, ვინც ამ თეორიებით ძალიან გატაცებულები არიან, რომ დაუკვეთონ ქართველ ხალხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა გულისხმობს სწორედ ამას, ხმების გაყოფა კი არ ხდება, ერთი ამომრჩეველი არის ერთი ხმა და ამ შედეგებიდან გამომდინარე გვაქვს რეალობა, რომელიც შეიძლება, ითხოვდეს იყოს კოალიცია და შეიძლება, არ ითხოვდეს. თუ ქართველი ხალხი კონსოლიდირებულია თავის არჩევანში, ეს კიდევ უფრო კარგია, როცა დაქსაქსული არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. გაერკვნენ, რას ნიშნავს დემოკრატია და ნუ დაუკვეთენ ქართველ ხალხს არჩევნების შედეგებს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „საქართველო თავისი დამოუკიდებლობის განმავლობაში არასდროს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია“.