მნიშვნელოვანია, რომ ყველა საეტაპო მოვლენის დროს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგანან ერთად. მათ შორის ეს არის ინდიკატორი, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაზე სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.
„ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარესაა მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ეწინააღმდეგება, ებრძვის ქართულ ეკლესიას. ეს არის რეალური სურათი, რასაც ვხედავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს, საქართველოს ეკლესიას მყარი მხარდაჭერისა და ჩვენი ევროპული გზისთვის, რომელიც ქართველ ხალხს საუკუნეების, ათწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობით აქვს მოტანილი. საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. დღესდღეობითაც, როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ევროპა არის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.