ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია. ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებაში.
„გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება, განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“, – განაცხადა ილია მეორემ.