ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ იბრძვის მხოლოდ თავის ომში, არამედ იბრძვის ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ბულგარელ კოლეგასთან, ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ზიანი მიაყენოს.
„ჩვენ ასევე ვებრძვით მტერს, რომელიც არის ყველაზე სასტიკი მტერი, რომელიც გვინახავს ჰოლოკოსტის შემდეგ და რომელიც სჩადის ორმაგ სამხედრო დანაშაულს: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ბულგარეთის პრემიერმა, ნიკოლაი დენკოვმა კი აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
"თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, დაიცვათ თავი ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა", - თქვა დენკოვმა.