უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა თავისი პოლიტიკით უახლოვდება იმ დროს, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აღიმართება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„უკრაინამ კოლოსალური გზა გაიარა - იქიდან, რომ ბევრს არც კი სჯეროდა სრულმასშტაბიანი ომის დროს ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების შესაძლებლობის და იქამდე, რომ რეკორდულ დროში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვასრულებთ მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელ პუნქტებს.
და ეს ისევ და ისევ დასტურია იმისა, რომ უკრაინას შეუძლია - შეუძლია გააკეთოს დიდი საქმეები, როდესაც ის მუშაობს ერთიანად, თავდაჯერებულად, თავისი დამოუკიდებლობის და ყველა უკრაინელის ინტერესებიდან გამომდინარე...
უკრაინაში ჩვენ უკვე ყველა უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა არის ევროინტეგრაციის პოლიტიკა, ეს გვაახლოებს იმ მომენტთან, როდესაც უკრაინის დროშა ბრიუსელში იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა დროშის თანასწორი ."
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მზად იყოს ევროკავშირში სრული გაწევრიანებისთვის, რათა ყველა ინსტიტუტი და სტანდარტი ევროპულ წესებს მოერგოს.