ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან რადმანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანნალენა ბერბოკს ბერლინში ევროკავშირის მინისტრთა სამიტზე, კოცნის მცდელობის გამო ბოდიში მოუხადა. იუწყება Bild-ი.
გამოცემა სამიტიდან გავრცელებულ ფოტოზე დაყრდნობით წერს, რომ რადმანმა ჯერ გერმანელ კოლეგას ხელი მოჰკიდა, მოგვიანებით კი ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ბერბოკისთვის ტუჩებში კოცნა სურდა, თუმცა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის არიდება მოასწრო.
Bild-ის ცნობით, ეს ინციდენტი რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფოტოსესიაზე დააგვიანა. რადმანს სურდა გერმანელ კოლეგას მისალმებოდა, თუმცა მას ეს საკმაოდ უხერხულად გამოუვიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გორდან რადმანმა ანალენა ბერბოკს ბოდიში უკვე მოუხადა.