კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ეხმიანება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებას, რომლის თანახმად, ომი ჩიხში შევიდა.
პესკოვის თქმით, ის არ ეთანხმება ზალუჟნის სიტყვებს. იუწყება ტასი.
„არა, ის {ომი} ჩიხში არ შესულა. რუსეთი თანმიმდევრულად აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ყველა მიზანი, რომელიც დასახულია, უნდა შესრულდეს.
კიევის რეჟიმი დიდი ხნის წინ უნდა მიმხვდარიყო, რომ ბრძოლის ველზე კიევის რეჟიმის გამარჯვების რაიმე პერსპექტივაზე საუბარიც კი აბსურდია. და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას კიევის რეჟიმი, მით უფრო მალე გაიხსნება გარკვეული პერსპექტივები“, - განაცხადა პესკოვმა.
ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ „ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო”.
„ღრმა და ლამაზი გარღვევა დიდი ალბათობით არ იქნება. რუსეთმა, სულ მცირე, 150 000 ადამიანი დაკარგა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი დანაკარგები შეაჩერებდა ომს. მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რასაც მტერი აკეთებს და ის ხედავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, როგორიცაა დენთი, რომელიც ჩინელებმა გამოიგონეს და რომელსაც დღესაც ვიყენებთ ერთმანეთის მოსაკლავად“, – განაცხადა ზალუჟნიმ.