აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები ფიქრობენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, შესაძლოა მალე იძულებული გახდეს თანამდებობა დატოვოს.
ამის შესახებ Politico ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ნეთანიაჰუს, როგორც მთავრობის მეთაურის დღეები დათვლილია.
როგორც იუწყებიან, ბაიდენის ვიზიტი თელ-ავივში მხარდამჭერი ხასიათისა იყო, მაგრამ პირადად მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს ფრთხილად მოქმედებისკენ მოუწოდა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ურჩია ნეთანიაჰუს, რომ უკვე ეფიქრა იმ გაკვეთილებზე, რაც მას შეეძლო გაეზიარებინა შესაძლო მემკვიდრესთან. ეს შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ ნეთანიაჰუ პოსტს ომის დასრულებამდე ვერ შეინარჩუნებს.
აღნიშნულია, რომ თეთრი სახლის პოზიცია ემყარება იმ ვარაუდს, რომ ნეთანიაჰუს პოზიციაშესუსტებულია მოქალაქეების კრიტიკული დამოკიდებულებით 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის გამო.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის „პოლიტიკური ნეკროლოგი“ ნაადრევად დაიწერა. ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, ნეთანიაჰუს მომავალი „პრეზიდენტის მიერ არ განხილულა და არც განიხილება“.