“ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასასურველი პერსონა გახდა, რადგან ის ქვეყანაში რუსული ხელისუფლების გამყარების წინააღმდეგია და ამიტომაც ესხმიან თავს.
„რუსეთს, ალბათ, მთავარი ამოცანა მაინც ის აქვს, რომ ივანიშვილის რუსული ხელისუფლება გაამყაროს ქვეყანაში, რაც შეიძლება დიდი ხნით. როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თვალსაზრისით მათთვის არასასურველი პერსონა გახდა და ამიტომ ესხმიან მას თავს. ივანიშვილს უნდა მისი რუსული ხელისუფლება, ნებისმიერ ფასად უნდა, სტატუსიან ან უსტატუსო საქართველოში რუსეთს უნდა, რომ დარჩეს ქვეყნის სათავეში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებაზე.
„როგორც აქამდე, ახლაც, რუსული თემით მანიპულირებს ზურაბიშვილი. ამჯერად, ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებენ საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე საუბრობენ". პრეზიდენტი ამას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინაპირობად ხედავს და მოითხოვს, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვან რუსეთის მოქალაქეები. ბოდვის გარდა ვერაფერს დაარქმევ ასეთ საჯარო განცხადებებს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს ესმით“, - დაწერა კარასინმა.