ზელენსკის მიერ ბელარუსთან საქართველოს დაწყვილება არასწორია, ორჯერ აირჩიეს უკრაინელებმა პრორუსი კუჩმა, იანუკოვიჩიც, არ მოგვითხოვია ქართველებს ევროპასთან ასოცირების კანდიდატებიდან უკრაინა გააგდეთო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი წერს.
ის ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდმირ ზელენსკის განცხადებას, რომელში მან თქვა: „ან გაიმარჯვებს ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული“.
დავით ბერძენიშვილი აღნიშნავს, არ იმოქმედა ევროკავშირის სამიტზე ზელენსკის პოზიციამ და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთ აბზაცშია მოხსენიებული.
„ზელენსკის მიერ ბელორუსთან საქართველოს დაწყვილება არის არასწორი. ფაქტებს ეწინააღმდეგება. ბელორუსი ევროსაბჭოდანაც კი გაგდებულია რუსეთივით, დასავლეთიდან იზოლირებულია, მისი არჩევნები დასავლეთში ტოტალურად გაყალბებულადაა შეფასებული, რუსეთის ღია მოკავშირეა და ა.შ.
ორჯერ აირჩიეს უკრაინელებმა პრორუსი კუჩმა და კრემლის შნირი იანუკოვიჩიც აირჩიეს. არ მოგვითხოვია 2013- ში ქართველებს ევროპასთან ასოცირების კანდიდატებიდან უკრაინა გააგდეთო - იანუკოვიჩმა თქვა თავად უარი და მაიდანიც გამოიწერა.
საქართველოა პარტნიორი ქვეყანა და ქართველი ერი უკრაინელების მხარესაა.
არ იმოქმედა ევროკავშირის სამიტზე ზელენსკის პოზიციამ - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთ აბზაცში ვართ ერთნაირად მოხსენიებული.
ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებაზე სამართლიანად გაბრაზების საფუძველი აქვს ნამდვილად, ჩვენც გაბრაზებული ვართ საკუთარ ხელისუფლებაზე და გამოვხატავთ მძლავრად ქუჩაშიც, რასაც აფასებს ევროპა.
სტატუსი გვჭირდება ახლა და, იმედია, მივიღებთ.
უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთი-ორ ქართველსაც და ერთი-ორ სხვა ქართველსაც სწორედ ასეთი, ზელენსკის მსგავსი პოზიცია რომ აქვთ, ეს კი პრობლემაა.
ვნახოთ აბა, ვინ როგორ გამოეხმაურება საქართველოს ბელორუსთან ამ სრულიად უადგილო დაწყვილებას. ტესტიცაა“, - წერს დავით ბერძენიშვილი.